English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
ხსოვნა ნათელი

პროფესორი ამირან გაგნიძე
გარდაიცვალა ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ამირან გაგნიძე.
ა. გაგნიძე 1936 წელს დაიბადა ონის რაიონის სოფელ შქმერში. 1955 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში „ვაჭრობის ეკონომიკის“ სპეციალობით. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, მიჰყავდა პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობები სპეცჯგუფებში. 1968 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1979 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება და მოღვაწეობდა თსუ-ს ვაჭრობის ეკონომიკისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კათედრაზე.
1992 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ხოლო 1994 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. (ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით).
აღსანიშნავია, რომ ამირან გაგნიძე, ჯერ კიდევ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, უნივერსიტეტის პარალელურად 1960-1965 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
სემდგომ 1966-1977 წწ. ეკავა ჯერ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, შემდეგ ვაჭრობის კონიუნქტურის განყოფილების უფროსის და ბოლოს - დირექტორის მოადგილის თანამდებობები მოსახლეობის მოთხოვნის და ვაჭრობის კონიუნქტურის შესწავლის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში. მოცემულ პერიოდში უნივერსიტეტთან კავშირი არ გაუწყვეტია, აქტიურად თანამშრომლობდა უნივერსიტეტის საქონელმიმოქცევის ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრასთან საათობრივი ანაზღაურების წესით.
1977 წელს, კონკურსის საფუძველზე, ამავე კათედრაზე დაიკავა დოცენტის თანამდებობა, 1994 წლიდან - კი კათედრის პროფესორია. მოგვიანებით, რეორგანიზაციის შემდეგ გახდა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
პროფ. ა. გაგნიძე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, ათამდე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი. იყო შვიდი ასპირანტის, თორმეტი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, ათამდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი. იგი 1996-2001 წლებში სადისერტაციო საბჭოს (Ec 08.00 N4) სწავლული მდივანი, ხოლო 2001 – 2003 და 2004-2009 წლებში სადისერტაციო საბჭოს (Ec 08.15 N7) (Ec 08.07 N3) წევრი. მისი რედაქტორობით გამოიცა რამდენიმე სახელმძღვანელო და წიგნი.
პროფ. ამირან გაგნიძის ხსოვნა მარადჟამს დარჩება მისი კოლეგებისა და აღზრდილი სტუდენტების გულში.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.
ჟურანლის „ეკონომიკა და ბიზნესი“ სარედაქციო კოლეგია